ჟენევაში ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმების საკითხს დააყენებს

ჟენევაში ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმების საკითხს დააყენებს

ქართული მხარე ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე კრემლის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმების საკითხს დააყენებს.

როგორც მოლაპარკების დაწყებამდე ჟურნალისტებს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განუცხადა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოკავშირებისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების დაგეგმვა ჟენევის დისკუსიების პარალელურად, არა დამთხვევა, არამედ მიზანმიმართული პროვოკაციაა.

"მოლაპარაკებების რაუნდი უნდა ჩატარდეს იმის ფონზე, რომ მოსკოვში კრემლი და ცხინვალი ინტეგრაციის ხელშეკრულებას აწერენ ხელს. ეს თავისთავად კიდევ უფრო ართულებს ისედაც რთულ მოლაპარაკებებს. ეს არ არის დამთხვევა, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ ჟენევის მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაართულოს. ჩვენი ინტერესი ძირითადად არის უსაფრთხოების საკითხები. პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებთ იმ ხელშეკრულებებზე, რომელსაც ხელი უკვე მოეწერა სოხუმთან და 18 მარტს, ალბათ, მოეწერება ცხინვალთანაც", - განაცხადა დონდუამ.

ჟენევის დისკუსიების 31-ე რაუნდი 17-18 მარტს იმართება.