ლტოლვილთა სამინისტროსთან დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ

ლტოლვილთა სამინისტროსთან დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ვარკეთილში მცხოვრები დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ. 
დევნილები მინისტრთან შეხვედრას და მათი პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ვარკეთილი 3-ში, II მ/რ-ში 1999 წელს, მაშინდელმა მთავრობამ 180-მდე ოჯახი შეასახლა და ისინი აღნიშნული ფართების მართლზომიერი მფლობელები გახდნენ. თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ, დევნილების თქმით, გამოჩნდნენ ბინების მესაკუთრეები, რომლებიც თერთმეტამდე ოჯახს ფართს ედავებიან. მსგავსი საფრთხის წინაშე სხვა ოჯახებიც დადგნენ. აქციის მონაწილეები მიმართავენ სამინისტროს, რათა იშუამდგომლოს მესაკუთრეებთან და დაიცვას დევნილთა უფლებები. 

"ბოლო ერთი წელია გაყალბებული საბუთებით ჩნდებიან მესაკუთრეები. 11 ოჯახს სასამართლო წესით ედავებიან ბინებს. დევნილთა შესახებ კანონი იცავს მესაკუთრის უფლებებს და არა დევნილის უფლებებს, ანუ მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს და დევნილის გამოსახლება მოითხოვონ. ამ შემთხვევაში დევნილთა სამინისტრომ დევნილებს უნდა შესთავაზონ ალტერნატიული ფართი. დევნილთა სამინისტრო იმ მესაკუთრეს, რომელიც დევნილებს ედავება ფართს, ერთ კვადრატულში სთავაზობს 50 დოლარს, მაგრამ მესაკუთრე დამატებით კიდევ თანხას ითხოვს დევნილებისგან, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვსურს, დევნილთა სამინისტრომ იშუამდგომლოს მესაკუთრესთან და მოხდეს პრობლემის მოგვარება", - აცხადებენ აქციაზე მისული დევნილები.