ორგანიზაცია "ივერია" საზოგადოებრივ მოძრაობად გარდაიქმნება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. "ივერიამ" გუშინ მარჯანიშვილის თეატრში საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა, სადაც თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, ჯგუფმა თავდაპირველად არსებობა დაიწყო როგორც დამოუკიდებელმა ინტერნეტგაზეთმა და ავტორიტეტიც მოიხვეჭა. მაგრამ პოლიტიკური ჩარევისგან თავს იკავებდა. თუმცა ახლა ეს რეალობა შეიცვალა.
"ჩვენ ვთვლიდით, რომ ჩვენი საქმეა საქართველოს მოქალაქეებს შევატყობინოთ დამოუკიდებელი, ობიექტური აზრი იმ მოვლენებზე, რომელიც საქართველოს ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისე მოტრიალდა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, რომ ერთდროულად აღმოვჩნდით სავალუტო, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ ფორმიდან, რომლიდანაც ვართ, ანუ დამოუკიდებელი გაზეთის ფორმიდან, უკვე გადავიდეთ მოძრაობაში", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, "ივერია" გარდაიქმნება საზოგადოებრივ მოძრაობად, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამა იმის თაობაზე, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, რა ღონისძიებები არის სასწრაფოდ გასატარებელი ყველა სფეროში იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ განვითარების ტემპებს, რომლის გარეშეც სახელმწიფოებრიობას საფრთხე ექმნება. თუმცა გრიგოლ ვაშაძის თქმით, ტერმინი პოლიტიკური პარტია "ივერიის" მიერ არ იქნება გამოყენებული. ვაშაძემ ამის მიზეზებზეც ისაუბრა.
"პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა ერთმანეთისგან პრინციპში ბევრად არ განსხვავდება. მხოლოდ ორგანიზაციული პრინციპებით და ჩვენ შეგნებულად არ გვინდა პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ საშუალება დავუტოვოთ ადამიანებს გაერთიანდნენ ამ მოძრაობაში. ჩვენ ახლა ხომ იდეოლოგიას არ მივდევთ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი. ამიტომ საზოგადოებრივ მოძრაობაში ამ პრინციპით შეიძლება მაგალითისთვის სოციალ-დემოკრატიც და ქრისტიან-დემოკრატიც გაერთიანდეს. მთავარია, რომ ყველა ვთანხმდებით, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი, ამიტომ ტერმინს, პოლიტიკურ პარტიას, ჩვენგან ვერ გაიგებთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თუმცა საზოგადოება "ივერია" პოლიტიკურ აქტივობას გეგმავს. ვაშაძის ინფორმაციით, უკვე იქმნება რეგიონული ორგანიზაციები და "ივერია" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.