ფრაქცია

ფრაქცია "ქართული ოცნება" ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა

ფრაქცია "ქართული ოცნება" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. 

გუშინ, ფრაქციის დახურული სხდომის შემდეგ, რომელიც პარლამენტში, სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, რომ კენჭისყრის წინა პერიოდში ჩამოყალიბდებიან და კონკრეტული კომენტარები მაშინ გაკეთდება.

მისივე ცნობით, ფრაქციის სხდომაზე ნინო გვენეტაძის მისამართით დაისვა მწვავე კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. გია ვოლსკი აცხადებს, რომ დასმული კითხვებისა და პასუხების შეჯერებისთვის დროა საჭირო.

"შეხვედრისას დაისვა კითხვები, რომელიც მედიის საშუალებითაც გაჟღერდა. ასევე იყო სხვა შეკითხვები. ჩვენ განსჯისთვის საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღეთ. საკითხს, უცბად, ერთი ხელის დაკვრით არ გადავწყვეტთ. კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთთან კონსულტაციები გავმართოთ", - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.