ნინო გვენეტაძე:   შეხვედრა იყო საქმიანი, სადაც იყო კრიტიკული გამოსვლებიც

ნინო გვენეტაძე: შეხვედრა იყო საქმიანი, სადაც იყო კრიტიკული გამოსვლებიც

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ ფრაქცია "ქართული ოცნების" დახურული სხდომა ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გვენეტაძემ განუცხადა, შეხვედრა იყო საქმიანი, სადაც იყო კრიტიკული გამოსვლებიც.

"შეხვედრა იყო საქმიანი. დაისვა ძალიან კარგი კითხვები, რომელიც ფრაქციის წევრებს ჩემს ხედვებთან დაკავშირებით ჰქონდათ. იყო კრიტიკული გამოსვლებიც. ვფიქრობ, შეხვედრა ეფექტური იყო. გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, თავად მიიღებენ. იყო საინტერესო კითხვები ჩემს წარსულ სამოსამართლეო პრაქტიკასთან დაკავშირებით, ჩემს სამოსამართლეო საქმიანობის პერიოდში დისციპლინარული სამართალწარმოების საბჭოში მოღვაწეობაზე. ასევე მოითხოვეს სტატისტიკა ჩემს მიერ მიღებულ გამამართლებელ განაჩენებთან დაკავშირებით. კითხვები დაისვა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ასევე სამართალწარმოების პერიოდში მსხვერპლთა საქმეების გადასინჯვის შესახებ", - აღნიშნა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ მან ფრაქციის წევრების შეკითხვებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ხვალ ნინო გვენეტაძესთან შეხვედრას ფრაქცია "ქართული ოცნება რესპუბლიკელების" წარმომადგენლები გეგმავენ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" დახურული შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება.