გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია და მისი მოკავშირეები ვერ დაწყნარდებიან, ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"დღეს არის დღე, როდესაც ყირიმის უკანონო ანექსია უნდა გვახსოვდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ აქტმა საფრთხის ქვეშ დააყენა ევროპაში ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი. ვერ დავწყნარდებით, ვიდრე ბოლომდე არ აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
პეტრო პოროშენკომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ 19 მარტის სამიტზე, ევროპელი ლიდერებისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას ელოდება. მისი თქმით, მოსკოვთან მიმართებაში აუცილებელია ახალი სანქციების შემოღება, თუკი რუსეთი მინსკის შეთანხმებას არ შეასრულებს.