საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს უსმენს. შეხვედრა პარლამენტში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა, სწორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან გასაუბრების შემდეგ ჩამოყალიბდება, რა პოზიციას დაიკავებს ფრაქციის წევრთა უმრავლესობა კენჭისყრის დროს ნინო გვენეტაძესთან მიმართებაში.
"ფრაქცია საკმაოდ მრავალრიცხოვანია. სხვა ფრაქციებთან შედარებით გადაწყვეტილებაში ერთსულოვნებაზე საუბარი ნაადრევი იქნება. მეც და ფრაქციის წევრთა უმრავლესობაც ალბათ ამ სხდომის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. იყო ასეთი განცხადება, რომ პოლიტსაბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მათ წინააღმდეგ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, პოლიტსაბჭო ზომებს გაატარებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად, დაძაბულობის ესკალაციისკენ არის მიმართული. მინდა ყველას ვთხოვო, დაუფიქრდეს საკუთარ განცხადებას, მით უმეტეს, თუ ის ეხება მრავალრიცხოვან ფრაქციას, სადაც მუშაობის იმ ფორმატს არ მივმართავთ, რაც ადრე არსებობდა და სადაც ერთი ხელის დაკვრით არ წყდებოდა საკითხები", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.