პრემიერმა შს მინისტრს მიმართა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია უნდა იყოს დაუყოვნებლივ აღკვეთილი

პრემიერმა შს მინისტრს მიმართა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია უნდა იყოს დაუყოვნებლივ აღკვეთილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მომხდარი გუშინდელი დაპირისპირება დაგმო და აღმაშფოთებელი ფაქტი უწოდა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ მიესალმება იქ განვითარებულ მოვლენებს. "გამოიკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომელსაც სამწუხაროდ აგრესიულად უპასუხეს მოქალაქეებმა. მე მესმის მათი შეშფოთების და გაბრაზების მიზეზი. მესმის, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ წინა ხელისუფლებას, დღესაც ბედავენ და იცავენ იმ მკვლელებს და სადისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აწიოკებდნენ რეგიონს, სამეგრელოს კონკრეტულად. მთელ საქართველოში იყო გამეფებული სადამსჯელო ოპერაციები. მე მესმის მათი გაბრაზების მიზეზი, მაგრამ მინდა მოვუწოდო მათ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ამგვარი ქმედებებით ჩვენ, მშვიდობიანი მოქალაქეები ხელს უწყობენ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურებას. ისინი ჩაგრულად მოაჩვენებენ თავს მთელს მსოფლიოს და ამით ქვეყანა ზარალდება. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ არ უნდა დაუშვან არც ერთი პროვოკაცია და ნებისმიერი პროვოკაცია უნდა იყოს აღკვეთილი დაუყოვნებლივ.