საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური გამოსვლის გადავადება "კონკრეტული მიზეზების" გამო არ მომხდარა.
როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თარიღი პრეზიდენტსა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის რამდეჯერმე გამართული კონსულტაციის ფარგლებში გადაწყდა.
"ზოგადად პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებას არ აქვს ფიქსირებული თარიღი. პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის რამდეჯერმე გაიმართა კონსულტაცია და ჩამოყალიბდნენ 31 მარტზე. გადადების არანაირი კონკრეტული მიზეზები არ ყოფილა", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
რაც შეეხება ფორმატთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს, რომ მათ პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვთ, კვერენჩხილაძის განმარტებით, დებატები უნდა გაიმართოს არა პრეზიდენტთან, არამედ - ქვეყნის პირველი პირის მოხსენებაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.
"ფორმატთან დაკავშირებით პარლამენტის ბიურო უკვე შემდეგ სხდომაზე იმსჯელებს. სახელმწიფოს მეთაური მზად არის ნებისმიერი ფორმატისთვის, მათ შორის პოლიტიკური დებატებისთვის. ითქვა, რომ პრეზიდენტთან სადებატო არაფერი არ არის. პრეზიდენტთან დებატები არავის აქვს მხედველობაში. დებატები უნდა გაიმართოს არა პრეზიდენტთან, თუ ის გადაწყდა, არამედ დებატები უნდა შედგეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაში გაჟღერებულ საკითხებთან დაკავშირებით", -აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
ამასთან, კვერენჩხილაძის აზრით, პრეზიდენტის მოხსენებაში ქვეყნისთვის უმთავრეს საკითხებზე გაჟღერებული მოსაზრებები ყველასთვის, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის საინტერესო უნდა იყოს. "სახელმწიფოს მეთაურის მიერ, რომლის ლეგიტიმაციაც საკმაოდ მაღალია და სახალხო კენჭისყრის შედეგაა არჩეული, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაკეთებულ მოხსენებაში დასმული პრობლემატიკა, ჩვენი აზრით, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და არა მარტო მისთვის, ზოგადად ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს", - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში 31 მარტს მივა, მანამდე გმოასვლის თარიღად 21 მარტი დასახელდა.