"მე პირადად ვთავაზობ მხარდაჭერას ყველა ინვესტორს, ვინც ამ საწარმოებით დაინტერესდება"

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში შესწავლის შედეგად სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, რომლის განვითარებაც რეგიონს ფეხზე დააყენებს.

პრემიერის თქმით, ეს მიმართულებებია, სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა და ტურიზმი. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მთავრობა არაერთ პროექტს უკვე ახორციელებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტებიც განახორციელა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამცხე-ჯავახეთის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გამოსაყენებლად და ყველა რესურსის სრულად ასათვისებლად. სამცხე-ჯავახეთში გამოიკვეთა ძალიან კარგი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოების ასამუშავებლად და ამ მხრივაც საინტერესო არჩევანი არსებობს ხე-ტყის დამუშავების, ავეჯის წარმოების და ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმართულებით. მაგალითისთვის გეტყვით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახალციხის მაუდ-კამვოლის საწარმო, ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა, ნინოწმინდის სამკერვალო ფაბრიკა და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა აღდგენა და ამუშავება, რეგიონის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება. რატომ უნდა იყოს ასეთი პოტენციალის საწარმოები გაჩერებული? მე პირადად ვთავაზობ მხარდაჭერას ყველა ინვესტორს, ვინც ამ საწარმოებით დაინტერესდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

რაც შეეხება ტურიზმს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება ამ დარგით დაინტერესებულ ბიზნესსაც ყოველმხრივ შეუწყობს ხელს.

"სამცხე-ჯავახეთს ტურიზმის მხრივ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ამ მხარეში, შეუძლებელია არ მოიხიბლოს მისი უნიკალურობით - მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობითა და გამორჩეული გეოგრაფიული ლანდშაფტით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები ტურიზმის განვითარებისათვის და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს ამ დარგით დაინტერესებულ ბიზნესს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება გამოაცოცხლებს რეგიონს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საფუძველს ჩაუყრის ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. მინდა გითხრათ, რომ  პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია პრეზენტაციაში, რომელსაც წარმოგიდგენთ ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელი" - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს რეგიონით დაინტერესებისკენ და სასურველი მიმართულებით ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა.

"მინდა გითხრათ, რომ არჩევანი საკმარისად დიდია. მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება გვერდში დაგიდგებათ ამ საქმეში და ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს, რომ თქვენი ბიზნესი იყოს წარმატებული. დარწმუნებული ვარ, ამით მოიგებს თქვენი ბიზნესიც და სახელმწიფოც,  და ჩვენი ხალხი ბოლოს და ბოლოს რეალურად იგრძნობს ეკონომიკური წინსვლის შედეგებს. თქვენ კარგად იცით, რა პირობებში უწევდა ცხოვრება რეგიონის მოსახლეობას. ყველა რეგიონში არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა ამ პრობლემების გადაჭრას, ისეთი, როგორიც არის გზა, წყალი. მართალია, წლების განმავლობაში იხატებოდა აღმშენებლობის სურათი, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ძირითადად ფასადური ცვლილებები იყო. ჩვენ გვინდა ამ რეალობის შეცვლა, ჩვენ რეალური საქმე გვჭირდება - ნამდვილად აღდგენილი ისტორიული ძეგლები, ნამდვილად ამუშავებული თუნდაც მცირე საწარმოები, განვითარებული ქალაქები, რაიონები და ამ რთულ ეტაპზე თქვენი - ბიზნესის წარმომადგენელების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ძვირფასო ბიზნესმენებო, ბატონებო, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ამ ახალ პროექტში, შეიტანოთ წვლილი რეგიონის გაძლიერებაში, რაც არის წინაპირობა ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი შესაძლებლობების და მჯერა, გექნებათ უამრავი ინიციატივა, რომელსაც განახორციელებთ რეგიონებში. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით, იქნება ეს ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა, გზა, წყალი, განათება, ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, დავიწყოთ რეალური ცვლილებები რეგიონებში. თუ ჩვენ არ განვავითარეთ რეგიონები, მხოლოდ ქალაქების განვითარება რეალურ შედეგებს არ მოიტანს. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული განწყობები. ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ დემაგოგიას, რას აკეთებს მთავრობა. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ არიან დაკავებული რეალური საქმის კეთებით და იმ საქმეების ახსნით მოსახლეობისთვის, რომელიც ჩვენ ამ ორი წლის განამვლობაში გავაკეთეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.