პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთში მთავრობის ახალი პროექტის პრეზენტაციისას 2 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, მას ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ქვეყანაში არსებული განწყობები. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოველდღიურად ისმის დემაგოგია და უსუსური ბრალდებები, თითქოს მთავრობა არაფერს აკეთებს.
"ხშირად გვესმის კრიტიკა იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს მთავრობა. ასახელებენ სფეროებს, მოჰყავთ უსუსური და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები. სამწუხაროდ ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ დემაგოგიას, რომლითაც გაჯერებულია დღევანდელი მედიასაშუალებები. სამწუხარო რალობაა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ არიან დაკავებულები რეალური საქმის კეთებით და მოსახლეობისთვის იმ საქმეების შეხსენებისთვის, ან ახსნით რომელიც ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში გავაკეთეთ. მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო იმ წარმატებული პროექტებისა, რომელიც ჩვენ 2 წლის წინ დავიწყეთ და განვახორციელეთ. ამის ჩამოთვლა მინდა იმიტომ, რომ ეს პროექტი რეალურია და რადგან ვთქვით, მას აუცილებლად განვახორციელებთ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს 4 მილიონ 300 ათასი ადამიანი. დასრულდა 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 150 ლარით გაიზარდა და 650 ლარი გახდა სოფლის ექიმების დაფინანსება. იწყება უპრეცედენტო პროგრამა C ჰეპატიტის ელიმინაცია. მკურნალობა ყველა დაავადებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი, მესმის რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდებოდა და შევასრულეთ, თუმცა ჩვენ პენსიების ზრდაზე მუშაობას ვაგრძელებთ. გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა. საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 29 479 დევნილი ოჯახი. "სოფლად სახლი"-ს პროექტის ფარგლებში 400-მდე დევნილ ოჯახს თანხმობა ეთქვა სახლის შესყიდვაზე. სოციალური პაკეტის ფარგლებში 46 500 დევნილ ოჯახს გაეწია 15 000 000 ლარის დახმარება. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია 90 ეკომიგრანტი ოჯახი და 1200 ეკომიგრანტს უკანონდება საცხოვრებელი სახლი. მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოების 1,016,700 კომპლექტი მიიღეს. უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო. სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლის 12,000-მდე სტუდენტი. აშენდა 20-მდე ახალი სკოლა, რეაბილიტირდა 1 000 სკოლა. 6 რეგიონში ყოველ მესამე და შემდეგ გაიცემა ყოველთვიური დახმარება, მთაში - 200, ბარში - 150 ლარი. "სინათლე ყველა სოფელს" სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე ელექტროფიცირდა 22 სოფელი, დამატებით 6 სოფელში მიმდინარეობს ელექტროფიცირების სამუშაოები და უახლოს მომავალში დასრულდება. 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 8 ჰიდროელექტროსადგური. მთლიანი ინვესტიცია - 251 მლნ აშშ დოლარი. 2013-2014 წლებში სპეციალური შეღავათიანი პირობებით თვეში 25 ლარად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა საქართველოს მასშტაბით სოფლად მცხოვრებ 88 ათას აბონენტს. ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს სოფლების ბუნებრივი აირის ქსელში ეტაპობრივი ჩართვა და წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს ბუნებრივი აირით. ექსპორტი გაიზარდა 13%-ით, ევროკავშირთან -32%-ით, რუსეთთან - 153%-ით. 2012, 2013, 2014 წელს ჯამურად შემოვიდა 3 მილიარდ 125 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. 2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია. "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით უკვე სარგებლობს 64 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 112 მლნ აშშ დოლარია. სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული საწარმოები 2015 წლისათვის დაასაქმებენ დაახლოებით 4.500 ადამიანამდე. 2012 წლიდან 2014 წლის სამი კვარტლის ჩათვლით საერთაშორისო ტურიზმიდან 4,525,526 500 $ შემოვიდა. გაკეთდა 54 კმ ახალი გზა და აშენდა 19 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კმ გზას და 87 ხიდს. გარემონტდა 573 ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რეაბილიტირებულია 3,000 კმ სარწყავი არხი. 35 მუნიციპალიტეტში განხორციელდა სასმელი წყლით მომარაგების 53 პროექტი. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გლეხებმა უსასყიდლოდ მიიღეს 107 605 506 ლარის ღირებულების სასუქი, 47 835 368 ლარის ღირებულების შხამქიმიკატები, 8 579 187 ლარის ღირებულების თესლი, 53 704 193 ლარის ღირებულების ინვენტარი, 232,486 ლარის ღირებულების ვეტ.პრეპარატები. ჯამში მოიხნა 427,765 ჰა მიწის ფართობი. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 799,324,000 ლარის ოდენობის 27,713 სესხი. გაიხსნა 105 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 580. სოფლის მეურნეობაში დაფინანსებულ საწარმოებში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი უკვე შეიქმნა. ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდიის დახმარებით გლეხებისგან უკვე შესყიდულია 218 ტონა ყურძენი (მევენახეებმა 2 წლის მანძილზე შემოსავლების სახით მიიღეს 289 მლნ ლარი). სამეგრელოს რეგიონში თხილის რეალიზაციის შედეგად დაახლოებით 200 მლნ ლარი შევიდა, პრემიერის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთის წამყვან უნივესტეტებში 87 სტუდენტის სწავლა დააფინანსა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.