მთავრობა რეგიონებში ახალი პროექტის

მთავრობა რეგიონებში ახალი პროექტის "ძლიერი რეგიონი, ძლიერ საქართველოს" განხორციელებას იწყებს

პროექტის პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამართა, რომელსაც მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.

პრემიერის განმარტებით, პროექტზე მუშაობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს რამდენიმე თვის წინ დაავალა და დღეის მდგომარეობით, მათ ყველა რეგიონის მიხედვით შემუშავებული აქვთ გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ეკონომიკური განვითარება.

"ჩვენ ყოველ კვირა ჩავატარებთ პრეზენტაციებს, ყველა მხარეში ჩავალთ და საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს წარვუდგენთ, თუ როგორია მთავრობის ხედვა რეგიონის განვითარებაზე, რათა რეგიონი, მოსახელობა მაქსიმალურად ფეხზე დავაყენოთ, როგორ შევუწყოთ ხელი ადგილობრივი ბიზნესის წარმოებას ზოგადად რეგიონებში და კონკრეტულად აქაც. მთავარი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული საქართველოს რეგიონების განვითარებაზე, ვინაიდან მე და მთავრობის წევრები ვიზიარებთ ამ მოსაზრებას, რომ ძლიერი რეგიონის გარეშე ძლიერი საქართველოს არსებობა შეუძლებელია. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვთქვით, რომ ეს პროექტი შემდეგი სახელწოდებისაა "ძლიერი რეგიონი, ძლიერ საქართველოს". ეს იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის მთავარი მამოძრავებელი. ეს იქნება საინტერესო თითოეული ბიზნესმენისთვის. ჩვენი მთავრობის ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ 2 წლის განმავლობაში გადაიდგა, სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურებოდა. ამჯერადაც, როცა ამ პროექტს ვიწყებთ, ჩვენი მიზანი იგივეა. ჩვენი მიზანია რომ რეგიონები განვითარდეს. მიგვაჩნია, რომ ეს საქართველოს ეკონომიკური წინსვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯია, რომელიც რეალური შედეგების მომტანი უნდა გახდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ახალი პროექტის განხორციელებას ადგილებზე ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და რეგიონების მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს.

მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ ყველა რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები დეტალურად შეისწავლა. შევისწავლეთ ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური რესურსები და დღეს დეტალური სურათი გვაქვს, თუ რა არის საჭირო თითოეული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ პროექტის განხორციელებას ვიწყებთ სამცხე-ჯავახეთიდან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონიდან თავისი მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, თავისი ლანდშაფტით, თავისი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით. ამიტომ ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივა ძალიან დამაიმედებელია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.