22 წელი გუმისთის ბრძოლის  შემდეგ

22 წელი გუმისთის ბრძოლის შემდეგ

22 წელი გავიდა 1993 წლის 16 მარტის გუმისთის ბრძოლიდან. ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი და სისხლისმღვრელი საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის ომში. მოწინააღმდეგის გაერთიანებულმა რამდენიმე ათასკაციანმა შენაერთმა ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა ოჩამჩირის და სოხუმის მიმართულებაზე. შეტევის მთავარი დარტყმა მდინარე გუმისთასთან სოხუმზე მოხდა. მოწინააღმდეგის აღმატებულმა ძალებმა, რომელშიც ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკები, რუსი ოფიცრები და სომხური ბაგრამიანის ბატალიონის მებრძოლები სჭარბობდნენ, ქალაქის გარეუბნებში შეღწევა მოახერხეს და სოხუმის დაკარგვის სერიოზული საფრთხე შეიქმნა, მაგრამ ქართველმა მებრძოლებმა შეძლეს მტრის შემოტევის შეჩერება და სასტიკი მარცხი აგემეს მომხვდურებს ყველა მიმართულებაზე. ეს იყო ქართული მეომრული სულის გაბრწყინების დღე. ამ დღეს ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი თავდადება და სამშობლოსადმი თავგანწირვა. ორდღიანი ბრძოლების შედეგად მოწინააღმდეგემ 1000-მდე კაცი დაკარგა დაღუპულების, დაჭრილების და ტყვეების სახით, რამაც ფიზიკურად და მორალურად გატეხა მათი საბრძოლო შემართება.

დროის გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ ეს იყო ორი მოძმე ერის ტრაგედია. ორივე თავისი სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოდა, თუმცა ჭეშმარიტება სულ სხვაგან არის. ამ ბრძოლებში ორივე მხარემ განიცადა სერიოზული დანაკარგები და მრავალი მეომრის სიცოცხლე შეიწირა.  

მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს დღე.  გვახსოვდეს ცოცხლები და პატივი მივაგოთ  დაღუპულების ხსოვნას. ქართველებისაც და აფხაზებისაც.ისინი სამუდამოდ დარჩებიან ზეციური სამშობლოს მარადიულ მცველებად.  ჩვენ კი ცოცხლებმა უფალს შევევედროთ, რომ აღარასდროს განმეორდეს ძმათამკვლელი ომი.