საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაში ასახული იქნება ის მესიჯები, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ამის შესახებ თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ფხალაძის განცხადებით, ეს იყო ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა აქცენტები სურთ იყოს წარმოჩენილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს.
"პრეზიდენტის სურვილია, რომ დამკვიდრდეს ეს მაღალი სტანდარტი, საზოგადოების ჩართულობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის. კონკრეტულად დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. განვიხილეთ საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულება. იყო საუბარი დასავლურ ინტეგრაციაზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, საქართველოს ურთიერთობაზე მის მეზობლებთან", - განაცხადა ფხალაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა და ძირითადი ხედვა კოლეგებისა და მათი, ერთმანეთს დაემთხვა.
"პრეზიდენტის გამოსვლაში ასახული იქნება ის მესიჯები, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. წარმოდგენილი იქნება ის ხედვა, რომელიც კიდევ უფრო დაგვეხმარება საგარეო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ექსპერტებთან პრეზიდენტის მრჩევლის შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლისთვის მოსამზადებელ პროცესში მოხსენების ძირითადი მიმართულების გაცნობა და მოსაზრებათა გაზიარება.