პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის წესი და ფორმატი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. ამის შესახებ გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტის დღევანდელი ბიუროს სხდომის შემდეგ უკვე საბოლოოდ გვეცოდინება პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის წესი და ფორმატი", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
რაც შეეხება ფორმატს, როგორც მან აღნიშნა, არაერთხელ ითქვა და პრეზიდენტსაც არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ ის თანახმაა ნებისმიერი ფორმატისთვის.
"მას მზაობა გამოთქმული აქვს ნებისმიერი ფორმატისთვის, მათ შორის, პოლიტიკური დებატებისაც. თუმცა, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფორმატს საბოლოოდ წყვეტს პარლამენტი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია მზაობა ნებისმიერი ფორმატის, მათ შორის, საპარლამენტო დებატების", - განაცხადა კვერენჩილაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ პრეზიდენტი თავად იკავებს თავს დებატებისგან და მკვეთრად არ გამოხატავს თავის პოზიციას, კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ ზოგადად პოზიცია, რომ პრეზიდენტთან სადებატო არაფერი გვაქვს, იმთავითვე მცდარია.
"გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი, შესაბამისად, დებატები პრეზიდენტთან კი არ უნდა გაიმართოს, არამედ პრეზიდენტის მიერ ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით გაცხადებული პოზიციის ირგვლივ. რაც შეეხება ზოგიერთი პარლამენტის წევრის, მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას, მისი საპარლამენტო თუ პოლიტიკური ცხოვრების კულტურა უკვე აღარ იწვევს სურვილს, ამ განცხადების ავტორებთან პოლიტიკური დებატების გამართვის", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში