ვარ კვოტირების წინააღმდეგი, მაგრამ ვარ თანასწორობის მომხრე და თუკი ვხედავ, რომ თანასწორობა კვოტირების გარეშე ვერ მიიღწევა, მაშინ ვხდები კვოტირების მომხრე, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ პროცესებში გენდერული კვოტირების დაწესების წინადადებას.
უსუფაშვილი თანამდებობის პირებს მიმართავს, დანიშვნებისას და საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას, აღნიშნული საკითხი გაითვალისწინონ, გენდერული ბალანსი დაიცვან, რითაც ცვლილებების განხორციელება რეალურ ცხოვრებაში დაიწყება.
"კვოტები ცუდია, კვოტები სირცხვილია. რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის. მაგრამ ჩავხედოთ, მაგალითად "სისხლის სამართლის კოდექსს". არ არის სირცხვილი, რაც იქ გვიწერია? ის, რომ ქურდობა და მკვლელობა არ შეიძლება, ამას კანონში სჭირდება ჩაწერა? ძალიან ბევრი რამ არის არასწორი და ცუდი, მაგრამ ეს კანონით რეგულირდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ მდგომარეობასთან, როცა სამწუხაროდ, საკანონმდებლო ჩარევა საჭიროა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომლის აზრით, ამ ეტაპზე საკანონმდებლო დონეზე ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. მისივე შეფასებით, გენდერული კვოტირებისთვის საკანონმდებლო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს დროებითი ზომა და შემდგომში ასეთი ტიპის კანონი საჭირო აღარ იქნება.
"საჯარო საქმიანობის სფეროში, ქალთა მონაწილეობის გაზრდა სჭირდება არა იმდენად ქალებს, რამდენადაც კაცებს. აქ საქმის კეთებაზეა საუბარი და არა პრივილეგიებზე. პარლამენტში მეტი ქალი არ ნიშნავს მეტ პრივილეგირებულ ქალს. ეს ნიშნავს მეტი ქალის ჩართულობას ჯოჯოხეთურ, კატორღულ შრომაში. ვინც ნამდვილი პარლამენტარია, მან იცის, რომ ეს არის კატორღული შრომა. აქ შრომაში ერთად ყოფნასა და პასუხისმგებლობის განაწილებაზეა საუბარი და არა პრივილეგიების განაწილებაზე", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი მომზადდება სათანადო კანონპროექტი, ის უნდა გახდეს ფართო სახალხო-საზოგადოებრივი განხილვის და კონსესუსის საგანი.