საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საქართველო ძალადობისგან ვერ იხეირებს. ასე გამოეხმაურა რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას.
"შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ძალადობა არავის ინტერესებში არ შედის. ორივე პარტიამ უნდა აკონტროლოს თავისი ექსტრემალური ელემენტები. ასევე გახსოვდეთ, რომ საქართველო ასეთი ძალადობისგან ვერ იხეირებს. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას", - განაცხადა ნორლანდმა.
ელჩის კომენტარის ქართულ თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გააპროტესტეს. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა გადაინაცვლეს "თავისუფალი ზონის" ოფისთან, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. სწორედ აქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავებიც. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. ჩაიმსხვრა ოფისის მინები. მინის ჩამსხვრევის შედეგად სერიოზულად დაშავდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს და აქაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.