საარჩევნო ყუთთან მისულმა უნდა იცოდე, ვის აძლევ ხმას, თუ გინდა, ახალი უბედურება არ მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას განაცხადა.
"საზოგადოებას შეუძლია, ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რისი სურვილიც მას აქვს, თუ იქნება აქტიური, ცნობიერების განცდა გაიზრდება და საზოგადოება მთლიანად მოახერხებს სწორად შეარჩიოს, შემდეგ აკონტროლოს ხელისუფლება – ეს არის ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მთავრობა, როგორიც სურს საზოგადოებას. სხვა მექანიზმი არ არსებობს. შესაბამისად, ძალიან უნდა გავიზარდოთ და ეს ჩვევები გავამახვილოთ, რომ არ გავიზიაროთ უახლოესი წარსული და ის უბედურება, რაც იყო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ხელისულება.
მისი თქმით, მარტო საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდება საკმარისი არ არის და არჩევნებამდე ყურადღებით უნდა მოეკიდონ მედიასაშუალებებით გადაცემულ ინფორმაციას.
"ზოგიერთ ქვეყანაში, მე მგონი, კანონითაც კი სჯიან, ვინც არ მიდის არჩევნებზე, მაგრამ შეგნებითაც უნდა გააცნობიეროს თითოეულმა მოქალაქემ, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა, სახელმწიფო აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს. ამისათვის აუცილებელია, კარგად ერკვეოდე პოლიტიკურ პროცესებში; აუცილებელია, არჩევნების ყუთთან მისულმა იცოდე, ვის აძლევ ხმას, თუ გინდა, ახალი უბედურება არ მიიღო, მსგავსი იმისა, რაც გვქონდა უახლოეს წარსულში და ეს სამსახური, რაც გაგვიწია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან კარგია იმისთვის, რომ საზოგადოებამ დააჩქაროს შემეცნების და შეგნების გაზრდის პროცესი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.