ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია "მოქალაქის", შემდეგ კი საზოგადოება 20/30-ის ჩამოყალიბება თავიდანვე დაგეგმილი და გააზრებული ჰქონდა.
როგორც ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას განაცხადა, მას ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჯერ ორგანიზაცია "მოქალაქის", შემდეგ კი საზოგადოება 20/30-ის ჩამოყალიბება დაგეგმილი და გააზრებული ჰქონდა.
"ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ვპროგნოზირებდი, თუ რას ვაპირებდი შემდგომ. არჩევნების პროცესში რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ერთ წელიწადში, რაც პრეზიდენტს გავუშვებ, წავალ ხელისუფლებიდან და შემდგომ 20 წელი ვიმოღვაწევებ, რომ გამყარდეს სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი ნახტომი, რომლის შემდგომ მისი გაღრმავება და შენარჩუნება არის საჭირო და ამას ემყარებოდა ჩემი გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოებაში წასვლასთან დაკავშირებით. "მოქალაქის" შექმნაც ამას ემყარებოდა. სულაც არ მინდა, შეურაცხმყოფელი იყოს ჩვენი ტელემაყურებლებისთვის, პირიქით, ჩემი სტიმულია ის, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის და ახლა რასაც ვაკეთებ იმის საფუძველიც ის გახლავთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ვისწავლოთ ის, რასაც ათწლეულები მოანდომეს ევროპის განვითარებულმა სახელმწიფოებმა", - განაცხადა ივანიშვილმა.