ზუგდიდში

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაწყებული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

"ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაწყებული აქცია ზუგდიდში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ტელეიმედის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გააპროტესტეს.

ამის შემდეგ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა გადაინაცვლეს "თავისუფალი ზონის" ოფისთან, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. სწორედ აქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავებიც.

დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. ჩაიმსხვარა ოფისის მინები. მინის ჩამსხვრევის შედეგად სერიოზულად დაშავდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს და აქაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. იყო ქვების სროლა. ამ დროისთვის ვითარება შედარებით განმუხტულია და ორივე ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებენ.

დაკავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.