გიგი უგულავასთვის ხელახალი პატიმრობის მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, - ამის შესახებ გიგი უგულავას პროცესის დაწყებამდე მისმა ადვოკატმა , ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, პროცესი უკვე გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს.
"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გამოძიების დროს პირის პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური ვადა არის 9 თვე. ხელახლა პატიმრობის მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და ეს არის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა. ბრალდებაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რადგანაც დაუშვებელია ერთსა და იმავე ქმედებაზე პირის ორჯერ პასუხისგებაში მიცემა. "ტელეიმედის" ეპიზოდზე გიგი უგულავას საქმე იხილება სასამართლოში და ამაზე ბრალი ხელახლა წარუდგინეს. ეს მასალები არის სრული აბსურდი. გიორგი უგულავასთან მიმართებაში ერთი პირდაპირი ჩვენებაც არ არსებობს საქმეში", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი იწყება. სხდომას ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომდგენლები, ასევე, გიგი უგულავას თანაგუნდელები და მისი მხარდამჭერები. პროცესს ესწრება გიგი უგულავაც.
პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი გუშინ წაუყენა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი – დაუმძიმდათ.