მილტონ ჰეიგი:   მოვიგეთ კარგი ანგარიშით და ამ ანგარიშით გავიხარეთ

მილტონ ჰეიგი: მოვიგეთ კარგი ანგარიშით და ამ ანგარიშით გავიხარეთ

მოვიგეთ კარგი ანგარიშით და ამ ანგარიშით გავიხარეთ, - ამის შესახებ რუსეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებმა დღევანდელ თამაშში გამარჯვება გამოცდილებისა და კლასის შედეგად მოიპოვა.

"ჩვენი მოწინააღმდეგე ძლიერი გუნდია და კარგად ითამაშეს დღევანდელ თამაშში. ჩვენ კლასითა და გამოცდილებით მოვიგეთ. ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა, რომლითაც კმაყოფილები ვართ. მოვიგეთ კარგი ანგარიშით და ამ ანგარიშით გავიხარეთ. რუმინეთთან უკეთესად ვითამაშებთ", - განაცხადა ჰეიგიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრების დღევანდელ თამაშში იყო პრობლემები, რაც, პირველ რიგში, არათანმიმდევრულ თამაშს უკავშირდება.

"პირველ ტაიმში არცთუ კარგად ვითამაშეთ. ვერ ვითამაშეთ სწორად და თანმიმდევრულად. როდესაც თანმიმდევრულად ვერ თამაშობ, ძნელია უპირატესობა მოიპოვო მეტოქეზე. გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩვენი სუსტი წერტილია დერეფნის მოგებაც. ამაზეც სამუშაო გვაქვს და თუ რუმინეთთან ამდენი დერეფანი გავაფუჭეთ, გაგვიჭირდება მოგება", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

კაპიტნის, შალვა სუთიაშვილი განცხადებით კი, პირველმა ტაიმმა ჩაიარა ემოციურ ფონზე, რამაც განაპირობა არცთუ ისე კარგი თამაში.

"ცოტა მოთმინება გვაკლდა, ემოციური ფონი იყო. ვეთამაშებოდით რუსეთს. ამდენი გულშემატკივრის წინაშე, ემოციური ფონის გამო ვერ დავიწყეთ თამაში კარგად. ამიტომ მატჩის ბოლოს ემოციურმა ფონმა გადაიარა და უკვე კარგად ვითამაშეთ. ამას ადასტურებს მატჩის ბოლო 20 წუთი", - განაცხადა სუთიაშვილმა.

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 33:0 დაამარცხა.