ფოთში საუბრობენ, რომ ფილმის ჩვენებაზე

ფოთში საუბრობენ, რომ ფილმის ჩვენებაზე "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის 9 წელი" ახალგაზრდები მოტყუებით მიიყვანეს

ფოთში, ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის 9 წელი" ჩვენებას გამოხმაურება მოჰყვა. ფილმი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გახმაურებულ საქმეებს ეხება, ფოთის თეატრში ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" - ორგანიზებით გაიმართა. მას ძირითადად სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

"ინტერპრესნიუსი" დღეს ფილმზე დამსწრეთაგან ერთ-ერთს, 15 წლის მოზარდს შეხვდა. არასრულწლოვანს ვინაობის გამხელა არ სურს და ამბობს, რომ შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანეს. კერძოდ, იგი ყვება, რომ თეატრში მისვლამდე მას სკოლის დირექციისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქალაქში დაგეგმილი ახალი პროექტების პრეზენტაცია უნდა გამართულიყო, თუმცა თეატრში მისულს სულ სხვა სურათი დახვდა. 

არასრულწლოვანი მიიჩნევს, რომ მისი თაობის წარმომადგენლებს ეს ფილმი არ უნდა ენახათ. მისივე თქმით, კადრები მძიმე იყო. 

"ინტერპრესნიუსი" დღეს ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" - თავმჯდომარეს, ყოფილ პოლიტპატიმარს გია სალუქვაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ფილმის ჩვენება სხვადასხვა მედიასაშუალებით დაანონსდა და იქ მსურველები თავიანთი ნებით მივიდნენ. მისივე ინფორმაციით, ჩვენებას არამარტო მოსწავლეები, არამედ საზოგადოების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. 

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, მიმართა თუ არა მან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ორგანიზაციულ საკითხებში დახმარებისთვის, სალუქვაძე ამბობს, რომ არა. გია სალუქვაძის განცხადებით, ორგანიზაციამ მოლაპარაკება მხოლოდ დარბაზის ქირაობს თაობაზე აწარმოვა.