ახალი ბრალის საფუძველზე, შესაძლოა, სააკაშვილის და ადეიშვილის ექსტრადირება მეოთხედ მოითხოვონ

ახალი ბრალის საფუძველზე, შესაძლოა, სააკაშვილის და ადეიშვილის ექსტრადირება მეოთხედ მოითხოვონ

ახალი ბრალის დადგენილებების საფუძველზე, შესაძლოა, მეოთხედ მოხდეს ადეიშვილსა და სააკაშვილზე ექსტრადირების მოთხოვნა, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ, ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარ პროკურატურაში მას გადაეცა ბრალდების ახალი დადგენილებები, სადაც მოხდა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილისთვის ბრალის დაზუსტება. ადვოკატი აცხადებს, რომ ახალ დადგენილებაში არ არის არც ერთი ახალი მტკიცებულება და არ არის შეცვლილი საბრალდებო მუხლები. ადეიშვილს და სააკაშვილს 7 ნოემბრისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე ბრალად წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

"აბსურდული ბრალდება აქვთ ამ საქმეზე წარდგენილი სააკაშვილსა და ადეიშვილს და ეს დარჩა ასეთად. ალბათ, მეოთხედ უნდათ მოითხოვონ ადეიშვილსა და სააკაშვილის ექსტრადირება. აღნიშნული უკავშირდება იმას, რომ უგულავას საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა იწურება 4 აპრილს, ორი კვირაა დარჩენილი და პროკურატურა ამიტომ აცოცხლებს ამ საქმეს. გიგი უგულავას ბრალი დაუმძიმეს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით ახალი პატიმრობა მოითხოვონ კონსტიტუციის დარღვევით: ისევე, როგორც ბაჩო ახალაია ჰყავდათ 2 წელი ციხეში, სურთ, რომ უგულავაც ამყოფონ წინასწარ პატიმრობაში. ბრალის დაზუსტება არც სააკაშვილისთვის და არც ადეიშვილისთვის არაფერს არ ცვლის. ცივილიზებული სამყარო საქართველოს პროკურატურის ბრალდებებს სერიოზულად არ მიიჩნევს"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ადვოკატის განცხადებით, ის, რომ მთავარ პროკურატურას არა ერთხელ აქვს მოთხოვნილი სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირება, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ევროპისა და ამერიკის მასშტაბით გადაადგილებაში დაბრკოლებას არ უქმნის.

"სააკაშვილმა დაასრულა ამერიკის სენატში შეხვედრა, რომელიც ეხებოდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს და განაგრძობს რეფორმებს ჩვენს მეგობარ რესპუბლიკაში. ევროკავშირში და ამერიკაში იგი დაუბრკოლებლად გადაადგილდება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოს პროკურატურის ბრალდებებს ცივილიზებული სამყარო სერიოზულად არ აღიქვამს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.