გადაცემა

გადაცემა "20/30"-ის პირველი სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იქნება

გადაცემა "20/30"-ის პირველი სტუმარი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "საზოგადოება 20/30"-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გადაცემის პროდიუსერმა ბესო კურტანიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, პირველ გადაცემაში, რომელიც GDS-ზე 15 მარტს, კვირას გავა, "საზოგადოება 20/30"- ის დამფუძნებელთან ერთად წევრებიც იქნებიან მიწვეული.

"გადაცემა "20/30" ეთერში გავა ყოველ დღე, შაბათის გარდა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მას მაკა ცინცაძე წაიყვანს, კვირის 20/30-ის წამყვანი კი არჩილ გამზარდია იქნება. არავითარი ბევრი წამყვანი მას არ ეყოლება. იქნება სულ 2 წამყვანი. პირველ გადაცემაში პირველ სტუმრად მიწვეულია საზოგადოება 20/30-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მასთან ერთად სტუმრები იქნებიან საზოგადოების წევრებიც: ჟურნალისტი ქეთი ჩოხელი და ეკონომისტი ნოდარ ჭიჭინაძე", - განაცხადა ბესო კურტანიძემ.

რაც შეეხება თემებს, გადაცემის პროდიუსერის ინფორმაციით, პირველ ნაწილში "საზოგადოება 20/30"-ის წარდგენა მოხდება და საუბარი გაიმართება იმის შესახებ, თუ რა ფუნქციით და მიზნით დაფუძნდა ის, მეორე ნაწილში კი მაყურებლებისთვის შეთავაზებული იქნება აღნიშნული საზოგადოების ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ.

გადაცემა "20/30" ეთერში 20:30 საათზე გავა.