ადვოკატი - ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი დაუზუსტდა

ადვოკატი - ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი დაუზუსტდა

7 ნოემბრის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუზუსტდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვანო მებარიშვილის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა , სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის ბრალის დაზუსტება მოხდა. როგორც გოგიტა გაბაიძემ განმარტა, ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება არ მომხდარა.

"ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება დარჩა, რაც იყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ანუ უფლებამოსილების გადამეტება. უბრალოდ, მასთან მიმართებაში ბრალის ფორმულირება დაზუსტდა, - განაცხადა გაბაიძემ.

ადვოკატის განცხადებით, როგორც მისთვის ცნობილია, ბრალის დამძიმება ხდება გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილთან მიმართებაში.

როგორც გაბაიძემ განმარტა, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, დაზუსტდა გარკვეული სიტყვები. რაც შეეხება თავად ბრალდების მუხლს, იგი არ შეცვლილა და დარჩა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი.

რაც შეეხება ბრალდების ეპიზოდებს, გოგიტა გაბაიძის თქმით, ეს ეხება 2006-2007 წლებს, ტელეკომპანია "იმედს", ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებულ დეტალებს და ა. შ.
მისივე თქმით, აღნიშნული ბრალის დაზუსტება სანქციის ნაწილში არაფერს შეცვლის, რადგან თავად ბრალი არ შეცვლილა. გაბაიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა ბრალის დაზუსტების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.