ქართველი მორაგბეები რუსეთთან თამაშში გამარჯვებას გეგმავენ

ქართველი მორაგბეები რუსეთთან თამაშში გამარჯვებას გეგმავენ

ქართველი მორაგბეები რუსეთთან თამაშში გამარჯვებას გეგმავენ. როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, შალვა სუთიაშვილმა განაცხადა, ქართველი მორაგბეები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. 

"ჩვენი მიზანია ახალი მოთამაშეების გამოცდა და მათი თამაშში ნახვა. ანგარიში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებთ", - აღნიშნა სუთიაშვილმა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის განცხადებით, რუსეთს ძლიერი გუნდი ჰყავს. "რუსი მორაგბეები არიან ფიზიკურად ძლიერები. ასევე ტაქტიკურადაც კარგად თამაშობენ. რუსეთის ნაკრები ძლიერი გუნდია", - აღნიშნა მილტონ ჰეიგმა.

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ბერუხინის განცხადებით, დღევანდელ თამაშში გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი. "იმედი მაქვს, რომ კარგად ვითამაშებთ. გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი. საქართველოს ნაკრებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ვეცდებით დადებით შედეგს მივაღწიოთ", - აღნიშნა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და დასძინა, რომ თამაში უფრო რთული იქნება 30 000 გულშემატკივრის წინაშე, თუმცა მისი თქმით, ეს რუსი მორაგბეებისთვის გარკვეული მოტივაციაც იქნება. 

გარდა ამისა, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა ქართველ მორაგბეებზე, რომლებიც რუსეთის სახელით თამაშობენ. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არანაირი ქვეტექსტი არ არის იმ ფაქტში, რომ საქართველოსთან თამაშისთვის ისინი ნაკრებში არ გამოიძახეს. "ეს მორაგბეები არიან 32 და 34 წლისები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სჯობს არჩევანი გავაკეთოთ ახალგაზრდა მორაგბეებზე", - განაცხადა რუსეთის მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველო და რუსეთი დღეს ერთმანეთს მიხეილ მესხის სტადიონზე 17:00 საათზე დაუპირისპირდებიან.