შევეცდები ყველანაირად, რომ საქართველოს უსაფრთხოებას, დემოკრატიასა და კეთილდღეობას ხელი შევუწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა , რომელიც მის შემცვლელად იან კელის წარდგენას გამოეხმაურა.
რიჩარდ ნორლანდმა ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს მოუწოდა გაეცნონ საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საელჩოს ვებ-გვერდსა და ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. "მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ობამამ დაასახელა საქართველოში შემდეგი ამერიკის ელჩის განდიდატურა. მოახდინა მისი ნომინირება. ეს გახლავთ გამოცდილი დიპლომატი იან კელი. ჩვენი პროცედურების თანახმად, შემდეგი ნაბიჯი გახლავთ სენატში დამტკიცების პროცესი, რომელსაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება", - აღნიშნა ნორლანდმა.
რაც შეეხება მის გეგმებს, რიჩარდ ნორლანდის თქმით, ის საქართველოს დატოვებას ზაფხულის ბოლოსკენ აპირებს. "ზაფხულის ბოლოსკენ ვაპირებ საქართველოს დატოვებას, ხოლო ახალი ელჩი ალბათ ზაფხულის ბოლოს ჩამოვა და ეს გარდამავალი პერიოდი ზუსტად ზაფხულის პერიოდს დაემთხვევა", - განაცხადა ნორლანდმა.
მისივე თქმით, დიპლომატიურ სამსხურში ყოფნისას ადამიანს 3-4 წელიწადში ერხელ უწევს ქვეყნის შეცვლა. "ეს ძალზედ რთულია. მოგეხსენებათ პროფესიულ დიპლომატიურ სამსახურში ჩვენ 3-4 წელიწადში ერთხელ გვიწევს სამსახურეობრივი ადგილის და ამასთან, ქვეყნის შეცვლა. ნამდვილად რთულია განშორება იმ ადგილთან, სადაც 3 წლის განმავლობაში იმუშავე. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება ჩემი მომდევნო პერიოდი, შევეცდები ყველანაირად, რომ საქართველოს უსაფრთხოებას, დემოკრატიას და კეთილდღეობას ხელი შევუწყო", - განაცხადა ნორლანდმა.
კითხვაზე, ხომ არ არის უკვე ცნობილი, თუ სად გააგრძელებს იგი მოღვაწეობას, ნორლანდის თქმით, სავარაუდოდ ეს იქნება კვლავ ვაშინგტონში.