ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა კიკნაველიძემ დღეს პარლამენტში, ჩერქეზული საზოგადოების წარმომადგენლები მიიღეს .
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ზოგადად ქართულ- ჩრდილოკავკასიური, კერძოდ კი, ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს, განსაკუთრებით კულტურისა და განათლების სფეროში კავშირების აღდგენა-განვითარების საკითხებს. ისაუბრეს თბილისში ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღნიშვნის თაობაზე. კულტურული ღონისძიება 14 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დროის თარგმანები, გამოცემები, მათ შორის თბილისში არსებული ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ძალისხმევით განხორციელებული პროექტები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სულ უფრო მეტი ჩერქეზი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების თაობაზე, რაც ორივე მხარის აზრით, ქართველებსა და ჩერქეზებს შორის ურთიერთკავშირების გაღრმავების საქმეს კიდევ უფრო მეტად წაადგება. სტუმრების განცხადებით, საქართველოს შეუძლია ჩერქეზ ახალგაზრდებს რეალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინოს სწორედ განათლების მიღების კუთხით.
"ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღნიშვნა ჩვენთან, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს ორდღიანი ღონისძიებები კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. საერთოდ, თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ჰქონდა: გახდეს ის, რაც იყო ყოველთვის - კავკასიის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.