საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, დასანანია, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ შედგა.
ამის შესახებ კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩაშლის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
"რიგგარეშე სხდომა წარმოადგენს საპარლამენტო ცხოვრების შემადგენელ ჩვეულებრივ მოვლენას. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში დღემდე ექვსჯერ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ სესია და ექვსივეჯერ ეს სხდომა თუ სესია შედგა. რიგგარეშე სხდომის მოწვევით პრეზიდენტმა პატივი სცა ერთი მხრივ, ქართული საზოგადოების ინტერესს სავალუტო კრიზისისადმი, ხოლო მეორე მხრივ, პარლამენტს, როგორც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. დასანანია, რომ აღნიშნული რიგგარეშე სხდომა არ შედგა", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სავალუტო კრიზისზე მსჯელობის მიზნით მოიწვია, ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა.