იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ქართველ კურსანტთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ქართველ კურსანტთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად ქაშვეთში ქართველი სამხედრო კურსანტების − სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა, ალექსანდრე ბარამიძემ და გოჩა ლორთქიფანიძემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის კურსანტ სოსო მაკარიძის მამა ალექსანდრე მაკარიძე 2009 წლის 5 ოქტომბრიდან დღემდე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივის" თანამშრომელია.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სამინისტრო თანადგომას უცხადებს ალექსანდრე მაკარიძეს, რომელიც ექვსი წელია, იუსტიციის სისტემაში ერთგულად მსახურობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომლებიც ვესტპოინტის სამხედრო აკადემიაში სასწავლო კურსს გადიოდნენ. გარდაცვლილები სამშობლოში გუშინ, გამთენიისას, ჩამოასვენეს.