საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკის მიმართულებით 9 თემაზე გაამახვილებს ყურადღებას.
ამის შესახებ ბიზნესმენებთან დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. ბიზნესმენებთან მისი დღევანდელი შეხვედრის თემა სწორედ პრეზიდენტის ყოვეწლიური მიმართვაა.
"ჩვენი მზრიდან შემუშავებულია ძირითადი თემები, საკითხები, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი მომდევნო კვირას დაგეგმილი გამოსვლის დროს ყურადღებას გაამახვილებს. მინდა სწორედ აღნიშნული თემების შესახებ გესაუბროთ, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებები და მოსაზრებები. ძირითადად არის 9 თემა, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი აპირებს რომ ყურადღება გაამახვილოს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი თქმით, ეს თემები არის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების აუცილებლობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა, ლარის კურსის მერყეობა და ეკონომიკური ზრდის შენელება, კონკურენციის პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის მცირე წილი ეკონომიკაში, ბიზნესგარემოს გაუარესების რისკის არსებობა, მთავრობის მხრიდან მეტი კომუნიკაციის საჭიროება ბიზნესთან, ეკონომიკური გუნდის მხრიდან სტრატეგიული ხედვის არსებობა ეკონომიკაში და შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებებით გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.
პრეზიდენტი პარლამენტს მომავალ კვირას, სავარაუდოდ, 18 მარტს მიმართავს.