„ეს დიდი ტრაგედიაა ქართველი ერისთვის, რომელმაც ორი პატრიოტი დაკარგა“

„ეს დიდი ტრაგედიაა ქართველი ერისთვის, რომელმაც ორი პატრიოტი დაკარგა“

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ქაშუეთის ტაძარში ნიუ-ჯერსიში დაღუპული 2 ქართველი კურსანტის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„ჩვენი გულები სოსოს და ბესოს ოჯახებთან არის. ეს ტრაგედიაა ქართველი ერისთვის, რომელმაც ორი პატრიოტი დაკარგა. ოჯახები რასაკვირველია, განადგურებულნი არიან, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მათ ეს ტკივილი და მათ გვერდით ვართ დღეს. ჩემთან ერთად აქ არის აშშ-ის სანაპირო დაცვის ადმირალი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. დელეგაციაში ასევე შედიან როგორც სანაპირო დაცვის ოფიცრები, ასევე კადეტები. მათ შორის არის 4 ქართველი. ისინი საქართველოში ჩამოყვნენ ბესოს და სოსოს და ისინი პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას“, - განაცხადა ნორლანდმა.

კურსანტების სამოქალაქო პანაშვიდზე უკვე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.

რიგითი სოსო მაკარიძე და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 8 მარტს დაიღუპნენ.

ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.

რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე კი, საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

ქართველი კურსანტების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.