"ვიკილიქსის" დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს შვედი პროკურორები ლონდონში დაკითხავენ. "ბიბისის" ცნობით, აღნიშნულ წინადადებას ასანჟის ადვოკატი დათანხმდა. "ეს ის არის, რასაც ჩვენ უკვე თითქმის ოთხი წელია ვითხოვდით", - განაცხადა ადვოკატმა.
ჯულიან ასანჟს შვედეთში სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა, "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ბრალდებებს უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. იგი 2012 წლის შემდეგ ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება, დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას ვერ ტოვებს იმის გამო, რომ ის შესაძლოა ნებისმიერ დროს დააკავონ. ასანჟი შიშობს, რომ თუ მას ბრიტანეთი შვედეთს გადასცემს, სტოკჰოლმი მის აშშ-ში ექსტრადირებას განახორციელებს, სადაც მის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების გამო, საქმეა აღძრული.