ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მოქალაქეობის გაცემაზე ინდივიდუალური მიდგომები იქნება და ქართული პასპორტების შენარჩუნების მსურველთათვის შესაბამისი პროცედურა არსებობს.
გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბინდარობის მოწმობები გაიცემა, რომლითაც ჯარში მსახურისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარდა, ე.წ. აფხაზური კანონმდებლობით განსაზღვრული თითქმის ყველა უფლებით სარგებლობას შეძლებენ.
"რაც შეეხება აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესს, აქ საჭიროა კანონთა შესაბამისი ინდივიდუალური მიდგომა. ჩევენ ჩვენ იმ დროში არ უნდა დავბრუნდეთ, როცა ერთ დღეს ყველა "სამურზაყანოელს" ქართველი დაარქვეს. მათთვის, ვინც საქართველოს მოქალაქედ დარჩენას გადაწყვეტს, კანონის თანახმად გათვალისწინებულია ბინადრობის მოწმობის გაცემა. საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის აღიარება არც თუ ისე პოპულარული ღონისძიებაა. ამიტომ ამ პრობლემის გადასაჭრელად, პარლამენტში სპეციალური მექანიზმების შემუშავების გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ხაჯიმბამ გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა გალში არსებულ რთულ ვითარებაზე და მისი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა. რაულ ხაჯიმბას თქმით, მთავარი ამოცანა რაიონში უსაფრთხოების განმტკიცებაა, რადგან გალში კრიმინალური ვითარება ამ ეტაპზე რთულია.