საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიას, რომელიც ქუთაისში, პარლამენტში 12 საათისთვის უნდა გაიმართოს, მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
პარლამენტში უკვე იკრიბებიან ოპოზიციონერი დეპუტატები. როგორც ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე მათ დამატებით უნდა ესაუბრათ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, თუმცა ამ სხდომას ქვეყნის ეკონომიკური გუნდი არ დაესწრება.
წიკლაურის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტარიზმის გაძლიერების ნაცვლად, სხდომას ბოიკოტით არის დაკავებული.
"ეს სხდომა არის პრეზიდენტის მიერ მოწვეული და ეხება ქვეყანაში ყველაზე უმნიშვნელოვანეს საკითხს - ეკონომიკურ მდგომარეობას და სავალუტო კრიზისს. დარჩა ძალია ბევრი საკითხი, რაზეც შეიძლებოდა დღეს უფრო დეტალურად მსჯელობა. გასაგებია, რომ გეგმა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით შეგვეთავაზებინა ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა. როგორც ჩანს, უმრავლესობა დღეს პარლამენტში არ იქნება. თუმცა ყველაზე გასაოცარი არის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია - იმის მაგივრად, ცდილობდეს პარლამენტარიზმის გაძლიერებას, დაკავებულია პარლამენტის სხდომების ბოიკოტით. უსუფაშვილი არის სრულიად უნიკალური მოვლენა პარლამენტარიზმის ისტორიაში", -განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.