ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანებას აღარ აპირებს. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გუნარ ბრაგი სვენსონმა განაცხადა. "ეს თემა დახურულია", - აღნიშნა მან.
"მთავრობის გადაწყვეტილებით, ისლანდია აღარ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა" , - წერია ისლანდიის საგარეო უწყების განცხადებაში. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ რამდნიმე დღის წინ მიიღო, რაც ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარ რინკევიჩს ოფიციალური წერილით აცნობა.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2009 წელს დაიწყო. 2013 წელს ამ საკითხზე მუშაობა შეწყდა. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ისლანდიელების უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.
ისლანდია ევროკავშირთან თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში აგრძელებს, კერძოდ, ის ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია. ისლანდიამ ასევე ხელი მოაწერა "შენგენის ხელშეკრულებას", რომლის მიხედვითაც "შენგენის ზონის" მოქალაქეებს ისლანდიაში გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.