საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალ ვაჭრობაზე რეალური მოლაპარაკებები არც წინ მთავრობის და არც ახლანდელი მთავრობის პერიოდში არ ყოფილა.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარლამენტში გუშინ ორი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა.
"ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების თემა მაღალი დონის დიალოგის ოქმებში მუდმივად ფიგურირებდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ობამას მიერ გაჟღერდა ეს მესიჯი, შემდეგ რეალური მოლაპარაკებები არც წინა ხელისუფლების და არც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან არ ყოფილა. არც ჩვენს პერიოდში არ დაწყებულა, ვინაიდან არის ძალიან კონსერვატიული დამოკიდებულება კონგრესის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამას ემსახურება სავაჭრო მისიის ვიზიტი, რათა შევუქმნათ ინფორმაციული კომფორტი, თუ რა რეფორმები ხორციელდება, თუ რა ღია პოლიტიკა გვაქვს ეკონომიკაში. რეალურად მოლაპარაკებები დაიწყება, როდესაც იქნება აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მხრიდან გამოხატული ნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ მთავრობა არასწორი მოლოდინების შექმნას არ აპირებს, "ეს არ არის ჩვენი სტილი".