ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სავიზო რეჟიმის გამკაცრებით გამოწვეულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას იზიარებს.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"რაც შეეხება ვიზების საკითხს რატომ დავუჭირე მხარი, მე არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, რა იყო, როგორ იყო. როგორც მთავრობის წევრი მე სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას და არასდროს გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას. ვაპირებთ ადმინისტრაციული პრობლემების გამოსწორებას, ვინაიდან, პირველ რიგში, ადმინისტრაციული სისტემა არ დახვდა მზად იმ ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა. ასევე, მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას ვაპირებთ, რათა ბინადრობის უფლებების გაცემის ნაწილშიც მნიშვნელოვნად გაიოლდეს სიტუაცია. რაც შეეხება უცხოელებისთვის ბინადრობის მიცემის გართულებებს, დიახ, ნამდვილად იყო, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ამას ვაღიარებთ და ვასწორებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უმცირესობის დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ კვირიკაშვილის პოზიციით, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ, მათი შეფასებით, ქსენოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს კომენტარი არ აქვს მოსმენილი და აუცილებლად გაეცნობა.