"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შეკითხვა დაუსვა, ხომ არ არის დრო, რომ მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
ამ კითხვით ირმა ნადირაშვილმა ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
"ბატონო ნოდარ, თქვენთან მაქვს კითხვა, თქვენი აზრით, რამდენად სწორია, რომ თქვენ დღემდე იკავებთ ფინანსთა მინისტრის თანამდებობას?. მე ვფიქრობ ძალიან დიდი ხანია უნდა მიგეღოთ გადაწყვეტილება ამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თუ არგუმენტები არ გყოფნით, მე შემიძლია შეგაშველოთ.
თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც "ქართული ოცნების" მმართველობის პირველივე წელს, 700 მილიონით გაარღვია ბიუჯეტი. თქვენ შემოიტანეთ და დაამკვიდრეთ პირველად, შევარდნაძის დროის შემდეგ, სიტყვა სეკვესტრი. თქვენს დროს ჩინოვნიკებმა თავს უფლება მისცეს 40 ათასიანი პრემიები გამოეწერათ. როგორ თვლით, ხომ არ არის დრო მიიღოთ გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ", - მიმართა ნადირაშვილმა ხადურს.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა რამდენი მილიონით აპირებს ხადურის უწყება ბიუჯეტის კორექტირებას.
"კონკრეტულად თუ შეგიძლია გვითხარით, რადგან ძალიან ბევრი მინისტრის განცხადება მოვისმინეთ, თქვენი განცხადებაც მოვსმინეთ, მაგრამ გარდა ზოგადი ფრაზებისა, რომ იქნება შემცირებული რბილი ავეჯი, ჰიგიენის ნივთები, კონკრეტული ინფორმაცია ჩვენ, რომელი სამინისტრო რას ამცირებს არ გვაქვს", -განაცხადა ნადირაშვილმა.
მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსაც მიმართა კითხვით, რომელიც მინისტრის მიერ ტურიზმის განვითარების კუთხით კონცერტების და ფესტივალებსი გამართვას ეხებოდა.
"თქვენ თქვენს გამოსვლაში ალბათ შემთხვევით ახსენეთ კონცერტები და ფესტივალები. თქვენ იმ მთავრობის წევრი ხართ, რომლებიც ამ კონცერტების და ფსეტივალების გამო დღემდე დაკითხვებზე დაატარებენ ადამიანებს. მეშინია, რომ თქვენც არ მოგიწიოთ თქვენს მთავრობაში ამაზე პასუხის გაცემა", - მიმართა ნადირაშვილმა კვირიკაშვილს.