პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კამათისა და ერთგვარი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ამ წუთებში საკომიტეტო სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დეპუტატები შეკითხვებით მიმართავენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები კითხვის დასმასთან ერთად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მისამართით და ზოგადად, მთავრობასთან დაკავშირებით კრიტიკასაც გამოხატავენ, რაც სხდომაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას იწვევს.
კომიტეტის სხდომაზე ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ ნოდარ ხადურს და გიორგი კვირიკაშვილს მიმართა კითხვით, "მთავრობის კოლაბორაციონისტური პოლიტიკა ხომ არ ემსახურება საქართველოს რუსეთისათვის ჩაბარების მიზანს". ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წარმომადგენელმა ნოდარ ებანოიძემ გიორგი ბარამიძეს მის მიერ საქართველოს დსთ-ში შესვლასთან დაკავშირებით ხმის მიცემა გაახსენა. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს პარტიის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა გადასცა.