ბატონ ნოდარ ხადურს ვულოცავ, როგორც ჩანს, ის არის ბედნიერი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა ფინანსთა მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სინამდვილეში საქართველოს რეალობა განსხვავებულია იმისგან, რა სურათიც დეპუტატებს ნოდარ ხადურმა წარუდგინა.
"ბატონ ნოდარ ხადურს ვულოცავ. როგორც ჩანს, ის არის ბედნიერი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი, რადგან მის სახელმწიფოში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სწორად გეგმავს ბიუჯეტს, მისი ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული, ფასები იზრდება მცირედით, ლარი მყარდება გარკვეულ ქვეყნებში და ეს კარგია ნოდარ ხადურის საქართველოსთვის. სინამდვილეში, საქართველოს რეალობა სულ სხვაა. რეალობა არის ის, რომ სოციალურად ორიენტირებული ეს ბიუჯეტი ვერანაირად ვერ იქნება, რადგან პენსიონერს პენსიას სექტემბრიდან უზრდიან, ლარის კურსის ვარდნის გამო კი დღეს უკვე მათი პენსია გაუფასურებულია. ვერ იქნება ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული, რადგან ერთი წლის წინ თვითონ შემოიტანა დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ კანონი. მინდა, ბატონ ნოდარ ხადურს მივმართო, რატომ არ ისაუბრეთ თქვენ მოხსენებაში დაუბეგრავი მინიმუმის საკითხთან დაკავშირებით? მეორე – როცა უყურებთ რომ ლარი ასე უფასურდება, რატომ არ სვამთ საკითხს პენსია დაუყოვნებლივ გაიზარდოს და არა სექტემბრიდან? თქვენ მართლა გგონიათ, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს სახელმწიფოს არის მრჩეველი, რომელმაც თურმე უნდა დააკავშიროს ომბუდსმენი ფინანსთა სამინისტროსთან? მართლა გგონიათ, რომ ეს მრჩეველია მთავარი პრობლემა?", - განაცხადა კუბლაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სინამდვილეა ის, რომ ნოდარ ხადური შევარდნაძის პერიოდის შემდეგ პირველად პარლამენტს წარუდგენს ბიუჯეტის სეკვესტრს.
"რეალურად, ბატონი ნოდარ ხადური ამ პარლამენტში წარმოადგენს სეკვესტრს და ეს იქნება პირველი სეკვესტრი შევარდნაძის პერიოდის შემდეგ. ბატონო ნოდარ, მე მაინტერესებს, რატომ შეიცვალა თქვენი მიდგომები ეკონომიკის პროგნოზებთან დაკავშირებით 2 თვეში, მაშინ როცა ჯერ კიდევ იანვარში 5 %-იან ზრდაზე საუბრობდით?", - აღნიშნა კუბლაშვილმა.