ევროპარლამეტში რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, ნემცოვის მკვლელობა რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობათა რიცხვს შეემატა. ევროპარლამენტარები მოსკოვს მოუწოდებენ, ნემცოვის მკვლელობის ფაქტი დამოუკიდებელ საერთაშორისო გამომძიებლებს გამოაძიებინოს. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ვითარება გაუარესდა.
"რუსეთის მთავრობამ მიიღო კანონების სერია, რომელიც ბუნდოვან დადგენილებებს მოიცავს და რომელიც ოპოზიციისა დ სამოქალაქო სექტორის გამოხატვისა და შეკრების უფლებების შეზღუდვას ემსახურება", - წერია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებს რუსეთს გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეწყვიტოს ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა.
"მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას შეწყვიტოს სამარცხვინო პროპაგანდა და საინფორმაციო ომი თავისი მეზობლების, დასავლეთისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რაც რუსეთს აყალიბებს რეპრესიების, სიძულვილის ენისა და შიშის ქვეყნად",- აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
მსგავსი რეზოლუცია ცოტა ხნის წინ აშშ-ის სენატმაც მიიღო.