საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანწილად ლარის დევალვაცია გამოწვეულია იმ გარე შოკით, რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკა ბოლო თვეებში. ამის შესახებ კვირიკაშვილმა საკომიტეტო მოსმენებზე განაცხადა.
"მინდა წარმოგიდგინოთ ის მიმდინარე სიტუაცია, რაც გვაქვს ეკონომიკაში და ის ხედვა, რა ხედვაც გაგვაჩნია ამ პრობლემების მოგვარებისთვის, ასევე მინდა წარმოგიდგინოთ რას ვაკეთებთ ამის მოგვარებისთვის.
პირველ რიგში მოკლედ მიმოვიხილავდი სიტუაციას, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. გასული წლის შემოდგომიდან ბევრი ეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის, როგორიც არის ექსპორტის მაჩვენებლი, ფულადი გზავნილები არასახარბიელო მიმართულებით შეიცვალა. ტურიზმში იყო მცირეოდენი ცვლილებები, თუმცა არ ვიტყოდი, რომ ამან მატერიალური ეფექტები იქონია საგადასახდელო ბალანსიის დღევანდელ მდგომარეობაზე", - განაცხადა კვირკაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა და დღესდღეობით დაახლოებით 23%- იანი დევალვაცია გვაქვს დოლართან მიმართებაში.
"ეს დაახლოებით იმავე დონეზეა, როგორც არის თურქული ლირა, ასევე აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი, ასევე შუა აზის რამოდენიმე ვალუტა, გაცილებით უფრო მაღალი გაუფასურება მოხდა რუსეთსა და უკრაინაში ცნობილი მოვლენების გამო. ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანწილად ეს დევალვაცია გამოწვეულია იმ გარე შოკით, რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკა ბოლო თვეებში", -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.