"თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან გასვლამდე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ სიტყვა ითხოვა და უმრავლესობის წევრებსა და მინისტრებს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდა.
"ხედავთ, რამხელა ინტერესია ამ საკითხისადმი. გადატენილია კომიტეტის დარბაზი. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალ გაიმართოს რიგგარეშე სხდომა, რათა შეკითხვებზე, რომელიც არსებობს საზოგადოებაში გაეცეს პასუხი. დღევანდელი კომიტეტის სხდომა მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ერთ მიზანს, რომ ხვალინდელი სხდომა არ ჩატარდეს და პარლამენტმა დააფიქსიროს თავისი უპატივცემულობა სახელმწიფოს ინსტიტუტების და საზოგადოების მიმართ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დეპუტატებს უმრავლესობიდან და მთავრობის წარმომადგენლებს, კეთილი ინებეთ და ხვალ ჩამობრძანდით ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, სადაც უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე", - განაცხადა აბაშიძემ.
ამ განცხადების შემდეგ "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. ისინი მმართველი გუნდის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა შემდეგი რეპლიკით გააცილა: "კარგი იქნებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც მოგყოლოდათ".