პრემიერ-მინისტრ აშშ-ის სავაჭრო მისიას შეხვდა

პრემიერ-მინისტრ აშშ-ის სავაჭრო მისიას შეხვდა

საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით, თბილისში შეერთებული შტატების სავაჭრო მისია იმყოფება, რომელსაც აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მეთიუ მიურეი ხელმძღვანელობს.

წარმომადგენლობით დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები შედიან, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, გამჭვირვალე, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე; ასევე, ხორციელდება მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის, საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე თავისუფალი წვდომის მიმართულებით.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ რომლის პირველ შეხვედრას საქართველო 2015 წლის 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.

აღინიშნა, რომ 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვა 26,8%-ით  გაიზარდა და 494,8 მლნ დოლარი შეადგინა; ექსპორტი 52,1%-ით, 207,5 მლნ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 26,8%-ით - 287,2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

პრემიერმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა აშშ-ის სავაჭრო მისიის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ორი ქვეყნის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის მნიშვნელოვან კომპონტენტს წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მეორე მოადგილე მეთიუ მიურეი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, USAID-ის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს კავკასისა და ცენტრალური აზიის ბიუროს უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში დანიკა სტარქსი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში  სარა უილიამსონი; Dow Chemical- ის, Procter & Gamble-ის, Honeywell-ის და სხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია დაესწრნენ.