რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის განხილვა კარასინთან შეხვედრაზე არ ხდება.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელიც ესწრება და ყველა საქმის კურსშია იმ დეტალებზე, რაზე მიმდინარეობს საუბარი.
აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას აბაშიძემ აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რომ თითქოს პრაღაში აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით, კულუალურად ხდება გარიგება.
„ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში პრაღაში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს ე.წ აფახეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით. ზოგადად, პრაღაში ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ და არც რაიმე ვალდებულებებს ვიღებთ. ასე რომ, ის თემა, რომ იქ რაღაც კულუალურად ხდება აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით გარიგება, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენ დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით ყველა ორგანიზაციას და უწყებას, ვისაც მეტ-ნაკლებად შეხება აქვს რუსეთის თემასთან. ჩვენს დიალოგს ესწრება და მონაწილეობს ჩვენი საგარეო უწყების წარმომადგენელი. ასე რომ, ყველა დეტალურად საქმის კურსშია, რაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება სერგეი ლავროვის განცხადებას, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, შვეიცარიული კომპანიის მიერ საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ოკუპირებულ რეგიონებში საბაჟო მონიტორინგის თაობაზე, აბაშიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებების გაცნობამდე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
„ჯერ ჩამოვყალიბდებით, გავეცნობით განცხადებას. მგონი სასწრაფო არაფერია და შემდეგ გამოჩნდება, როგორია ჩვენი პოზიციები იმ თემებზე, რომელიც ლავროვმა გუშინდელ თავის კომენტარებში ახსენა", - განაცხადა აბაშიძემ.