რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის თბილისი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მხარი დაუჭიროს.
კითხვაზე თუ როგორია მისი პოზიცია მოსკოვი-სოხუმი-თბილისის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთი მზად არის ასეთი კონსულტაციებისთვის.
„რუსული მხარე მზად არის ასეთი კონსულტაციებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის რკინიგზა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების შესაბამისად, აფხაზური რკინიგზის მონაკვეთის ექსპლოატაციაში მონაწილეობს. მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პროექტის უშუალო მონაწილეებმა, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთმა და საქართველომ. ამით, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან არის დაინტერესებული სომხეთი. მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ ასეთი მიმოსვლის აღდგენას, თუმცა ვიმეორებ, პირობებზე უპირველეს ყოვლისა სოხუმი და თბილისი უნდა შეთანხმდნენ“, - განაცხადა სერგეი ლავროვიმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
სერგეი ლავროვი აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენელს მოსკოვში მასპინძლობს.
რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ქართულ მხარესთან საუბარია აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხზე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე რუსეთის წარმომადგენლობასთან დიალოგს არ ადასტურებენ.
ამასთან, გასული წლის ნოემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აფხაზეთის სატრანზიტო რკინიგზის პროექტზე ფიქრი შესაძლებლად მიაჩნია. მისი თქმით, ერთობლივი თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი პროექტის განხორციელება, როგორიცაა ტრანზიტული სარკინიგზო კავშირი სოხუმის მიმართულებით თბილისში და შემდეგ, ერთი მხრივ სომხეთის და მეორე მხრივ, რუსეთის მიმართულებებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის რკინიგზის საშუალებით აფხაზეთში ომის დროს შეწყდა. მდინარე ენგურზე სარკინიგზო ხიდი 1992 წელს ააფეთქეს.