„საზოგადოებისთვის ქვეყნის სტაბილიზაციის გეგმის წარსადგენად ეფექტური გზა იქნება შერჩეული“

„საზოგადოებისთვის ქვეყნის სტაბილიზაციის გეგმის წარსადგენად ეფექტური გზა იქნება შერჩეული“

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სავალუტო კრიზისიდან გამოსვლისა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ამ გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენის მაქსიმალურად ეფექტური გზა იქნება შერჩეული, იქნება ეს საკომიტეტო მოსმენა თუ რიგგარეშე სხდომა.

„პირველი რიგის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზოგადოება ეკონომიკური ბლოკის მიერ მიმდინარე საკითხებსა და სამოქმედო გეგმაზე ინფორმირებული იყოს, რაც პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით მოხდება წარდგენა, საკომიტეტო თუ რიგგარეშე სხდომაზე, ეს ჩემი მხრიდან რთული შესაფასებელია. არჩეული იქნება ის გზა, რომელიც მაქსიმალურად ეფექტური იქნება ამ გზავნილის მისაწოდებლად“, - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა იმართება. ეკონომიკური ბლოკის წევრები დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრებენ.

ამის პარალელურად კი, შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის სტაბილიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის დანიშვნა მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო ოპოზიციამ. მისი ეს პოზიცია პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაიზიარა და პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობის ზოგი დეპუტატი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

სხდომა 13 მარტს 12:00 საათიდან არის დანიშნული.