უკრაინას არალეტალური იარაღით მომარაგება ვერ დაეხმარება, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, დემოკრატმა ელიოტ ენგელმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ აშშ-მ კიევს გაუგზავნა არალეტალური იარაღი, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
"ჩვენ მათ ომისკენ არ ვუბიძგებთ. მათ წინააღმდეგ აგრესიული ომი უკვე მიმდინარეობს. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რათა შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა", - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.
"დემოკრატი" და "რესპუბლიკელი" სენატორები თეთრ სახლს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ობამას ადმინისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან ამ დრომდე თავს იკავებს.
რაც შეეხება არალეტალურ იარაღს, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გუშინ განაცხადა, რომ კიევი ვაშინგტონისგან 75 მილიონი დოლარის ღირებულების არალეტალურ იარაღს მიიღებს.